Sunday, May 31, 2015

ლინდა ადამია: ვფიქრობდი, რომ ძალიან დიდ შარში გავყავი თავი


იმღერა ბავშვობაში თითქმის ლაპარაკთან ერთად დაიწყო. დღეს 19 წლის ლინდა ადამია ფინანსებსა და საბანკო საქმეზე სწავლობს. „X ფაქტორში“ მეუღლესთან ერთად მოვიდა. მათ ცხოვრებაში სასიამოვნო მოლოდინია: წყვილი მალე შვილს ელოდება.
- ცხრა თვის ვიყავი, როდესაც ლაპარაკი დავიწყე. წლინახევრისამ პირველი სიმღერა ვიმღერე - „ კოკო ჯამბო“. ორი წლიდან ვოკალის მასაწავლებელთან დავდივარ. ვოკალის ძალიან ბევრი პედაგოგი გამოვიცვალე, მაგრამ ყველაზე დიდი გამოცდილება ეფრემ შანელთან მივიღე, ჯიდიეს-ის სტუდიაში დავდიოდი. ძალიან მაგარი ვოკალისტია, მაიკლ ჯექსონის საუკეთესო მეგობარი იყო და იყო ასევე  მისი ბექ-ვოკალი.

- როგორ მოხვდი პროექტში?
- წინა სეზონში ყველაფერი იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე, მეც მიმეღო მონაწილეობა. როდესაც  "X  ფაქტორის" კასტინგები გამოცხადდა, გავედი, ანკეტა შევავსე და კასტინგის ეტაპზე გადავედი. ასე მოვდივარ აქამდე.
- გაგიხარდა, როცა გაიგე, რომ შენი მენტორი სოფო იქნებოდა?- დავიწყებ იმით, რომ სოფო გადასარევი პიროვნებაა, ამასთან - უძლიერესი ვოკალის მქონე მომღერალი, რომელიც მსოფლიომ აღიარა. სოფოსთან  მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მისგან მასტერკლასებს ვიღებ. ყველა რეპეტიციაზე იმდენად დიდი დოზით გვიზიარებს თავის გამოცდილებას, რომ უფრო და უფრო მეტს ვსწავლობ.
- ვინ არის შენი ფავორიტი მომღერალი?- ბავშვობიდან ვუსმენ კრისტინა აგილერას, ძალიან მიყვარს მისი ხმის ტემბრი და იდეალი ქალია ჩემთვის სცენაზე. ხშირად უთქვამთ, რომ  ჩემი ხმა მისას ჰგავს და ეს ძალიან მსიამოვნებს.  ვუსმენ არემბის, მართალია, ამ ჟანრში სიმღერა არ მიცდია, მაგრამ ვგრძნობ, რომ გამომივა.
- პირველი „ლაივისთვის“ როგორ ემზადები?- მაქსიმალურად ვცდილობ, კარგად გამოვიდე. რაც შეეხება მონაწილეებს, ისინი უკვე ჩემი მეგობრები არიან. იმდენად კარგად ვართ ერთმანეთთან, რომ კონკურენცია არ იგრძნობა. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ.
- შენი მეუღლე მუდამ შენ გვერდთ არის და შენი ყველაზე აქტიური გულშემატკივარია...- აბა რა. ერთმანეთი ორიგინალურად გავიცანით.  ტატუს გაკეთება მინდოდა და ინტერნეტში გავიცანი დათუნა, რომელსაც ჩემთვის ტატუ უნდა გაეკეთებინა. მერე გადავიფიქრე და როდესაც კვლავ მომინდა, მასთან მივედი. საუბარში შევყევით, ბევრი საერთო თვისება აღმოგვაჩნდა, ისე მოხდა, რომ ტატუ სულ დაგვავიწყდა, უცებ შევეჩვიეთ ერთმანეთს. ის დღე ერთად გავატარეთ. როდესაც სახლში მოვდიოდით, მითხრა, მიყვარხარო. თავიდან ცოტა შევცბუნდი: მგონი, ეს ბიჭი კარგად არ არის მეთქი, მაგრამ ორ-სამ წამში ჩემი პასუხი იყო: მეც მიყვარხარ-მეთქი. სახლში მისული ვფიქრობდი,  რომ ძალიან დიდ შარში გავყავი თავი: ერთი დღის გაცნობილ ბიჭს მიყვარხარ ვუთხარი. ეს ჩემთვის უჩვეულო იყო. მერე და მერე ეს ყველაფერი იმდენად კარგი და  სწორი აღმოჩნდა, რომ ათ თვეში ცოლად გავყევი და უკვე პატარას ველოდებით.

- ბავშვის სქესი  იცით?- არა. როცა ექოსკოპიაზე მივედი, დაიმალა (იღიმის).

ავტორი: ქეთევან საგინაშვილი
წყარო: http://www.funtime.ge/x-paqtor/linda-adamia-vfiqrobdi-rom-zalian-did-sharshi-gavyavi-tavi/
იხილეთ მეტი: https://www.facebook.com/LindaAdamiaOfficial

No comments:

Post a Comment